აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. კრებული პოეტის ხსოვნის უკვდავსაყოფად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის ქვეპროგრამის „ბეჭვდითი გამოცემების“ ფარგლებში გამოიცა.
პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, პოეტის ახლობლები და მეგობრები ესწრებოდნენ.
ეთერ სამხარაძე-ჯღამაძე XX საუკუნის II ნახევრის აფხაზეთის ქართული მწერლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო, შესანიშნავი პოეტი და სანიმუშო პიროვნება, რომელმაც პირველი პოეტური კრებულის გამოქვეყნებისთანავე მიიქცია მკითხველის ყურადღება. მან აფხაზეთის ტრაგედიამდე 20-მდე წიგნის გამოქვეყნება მოასწრო. ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, აფხაზურ და სხვა ენებზე. არაერთმა კომპოზიტორმა შექმნა მის 50-მდე ლექსზე საესტრადო, საგუნდო და საბავშვო სიმღერები.