აფხაზეთის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი შენობის გახსნის ცერემონიალი გაიმართა.

ქ. თბილისში, კალაუბნის #16 - ში განთავსებული აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი  რეაბილიტირებული  სამედიცინო დაწესებულების გახსნის ცერემონიალი გაიმართა.

აღნიშნული დაწესებულება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ  გიორგი ბარამიამ და  საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა  მასაიოში კამოჰარამ გახსნა.

გახსნის ცერემონიალს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციის კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ უტიაშვილი, აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლექსო ლაგვილავა დაესწრნენ.

პროექტი იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი „გრასრუტისა და ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო დახმარების პროგრამის" ფარგლებში დაფინანსდა.

პროექტის მიზანია თბილისში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ 85 000-მდე ადამიანისათვის ჯანდაცვის სფეროში კვალიფიციური კონსულტაციისა  და მაღალი  დონის  მომსახურეობის გაწევა.