აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა ფესტივალ ,,ჩვენებურების” ფარგლებში ევროპულ ტურნეს იწყებს

აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა ევროპულ ტურნეს იწყებს. ,,ქართული კულტურა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ" ასოციაციის პრეზიდენტის გიული ალასანიას ინიციატივით, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ფესტივალში ,,ჩვენებურები", რომელიც 13-დან 25 მარტის ჩათვლით საფრანგეთში, ესპანეთსა და შვეიცარიაში გაიმართება. პროექტი ხორციელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სოლო კონცერტები, როგორც ევროპელი მსმენელისთვის, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლებისათვის. ფესტივალზე შესრულდება თანამედროვე საგუნდო მუსიკისა და ქართული ფოლკლორის გამორჩეული ნაწარმოებები. 

აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დალი ხომერიკმა გააცილა.