აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გამოხმაურება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობის გახსნასთან დაკავშირებით

უკვე წლებია, რაც ყველანი ვართ თვითმხილველები აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მცდელობებისა როგორმე წარმოაჩინონ ოკუპირებული აფხაზეთი საერთაშორისო არენაზე. უმთავრესი აქცენტი ევროკავშირის ქვეყნებზე კეთდება. მათის მხრიდან, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების დამყარება ნებისმიერ ევროპულ ქვეყანასთან, გარდა მატერიალური კეთილდღეობისა, აფხაზეთის დამოუკიდებლობისკენ გადადგმულ ნაბიჯად განიხილება. სამწუხაროდ, ამისთვის დეზინფორმაციასაც არ იშურებენ. ამ შემთხვევაშიც, ამის მაგალითია იტალიის, ჩინეთის, თურქეთის კერძო სტრუქტურებთან ბიზნეს პროექტების განხორციელებითა და ხელშეკრულებების გაფორმებით ამ ქვეყნების მიერ აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარების წარმოჩენა. კერძო პირების მიერ ნამოქმედარი, ვერანაირად ვერ იქნება გერმანიის სახელმწიფო პოზიციის ინდიკატორი.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ევროკავშირის არ აღიარების პოლიტიკა  ძალაშია და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ხელისუფლებაც მისი განუხრელი დამცველია. რაც, გერმანიის სამთავრობო წრეების მიერ გაკეთებული განცხადებებითაც დადასტურდა.  

საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით, სავაჭრო-სამრეწველო პალატა, არის მსოფლიო თანამეგობრობის მიერ, კონკრეტულ საზღვრებში აღიარებული სახელმწიფოს ლეგიტიმური  ორგანო და მისი საქმიანობაც სახელმწიფოს რანგში განიხილება. ოკუპირებული აფხაზეთი კი ვერანაირად ვერ იქნება ლეგიტიმაციის მატარებელი და დროა გაითავისონ აფხაზმა თანამემამულეებმა, რომ ნებისმიერი მათი მცდელობა განწირულია კრახისთვის.

მხოლოდ საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა აძლევს შესაძლებლობას და საუკეთესო შანსს აფხაზეთს, იყოს მსოფლიო თანამეგობრობის შემადგენელი ნაწილი და ისარგებლოს ყველა იმ სიკეთეებით, რასაც ცივილიზებული სამყარო სთავაზობს თავის სრულუფლებიან წევრებს, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით.   

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მიესალმება გერმანიის ხელისუფლებას ადექვატური რეაგირებისათვის და იმედოვნებს, რომ მსგავსი სახის გაუგებრობა არ განმეორდება ევროკავშირის სხვა ქვეყნებში.