აფხაზეთის სახელმწიფო ახალგაზრდული კაპელა ევროპული ტურნედან საქართველოში გრან-პრით დაბრუნდა.
ახალგაზრდულმა კაპელამ მონაწილეობა მიიღო ესპანეთში, ქ. ბარსელონაში, 27-30 მარტს ჩატარებულ საერთაშორისო საგუნდო მუსიკის კონკურსში ,,მონსერატის ოქროს ხმები" და გრან-პრის მფლობელი გახდა.
აფხაზეთის კაპელას ევროპული ტურნე 13 მარტს დაიწყო საერთაშორისო ფესტივალი ,,ჩვენებურების" ფარგლებში, რომელიც ,,ქართული კულტურა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ" ასოციაციის პრეზიდენტის, გიული ალასანიას ინიციატივით ჩატარდა საფრანგეთში, ესპანეთსა და შვეიცარიაში. ფესტივალ ,,ჩვენებურებს" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია დაესწრო.
კონცერტებზე, რომელთაც ევროპელი მსმენელი და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ, შესრულდა თანამედროვე საგუნდო მუსიკისა და ქართული ფოლკლორის გამორჩეული ნაწარმოებები.
პროექტი განხორციელდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.