აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის მთავრობაში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პირველ მდივან ალექს შრენკს  და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელ ჯონ ჰეინსს შეხვდა. შეხვედრას ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე ბელა კოპალიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

შეხვედერაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა საელჩოს წარმომადგენლებს გააცნო ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მდგომარეობის შესახებ. მათ შორის ადმინისტრაციულ საზღვარზე გადასასვლელების დახურვით გამოწვეულ პრობლემებზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გალის რაიონში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობასა და ეკოლოგიურ პრობლემებზე.

საელჩოს წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების საქმიანობისა და მათ მიერ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთობლივად განხორციელებული პროექტების, მათ შორის იძულებით გადაადგიულებულ პირებთან, ცენტრალურ სტურქტურებთან ურთიერთობის ფორმების შესახებ.