აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ვახტანგ ყოლბაია თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა. შეხვედრას საქართველოში თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო „TIKA"-ს თბილისის ოფისის კოორდინატორი ჰუსეინ შანლი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

მთავრობის თავმჯდომარემ თურქ დიპლომატს ელჩად დანიშვნა მიულოცა და მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის. ვახტანგ ყოლბაიამ ხაზი გაუსვა საქართველო-თურქეთს შორის არსებულ ხანგრძლივ მეგობრულ ურთიერთობებსა და მათ სიმტკიცეს. აგრეთვე გააცნო ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარება და იქ მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები. ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის განხორცილებულ სოციალურ-ეკონომიკურ პროექტებზე და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

თავის მხრივ ფატმა ჯერენ იაზგანმა, მადლობა გადაუხადა ვახტანგ ყოლბაიას მიწოდებული ინფორმაციისთვის, დაადასტურა თურქეთის რესპუბლიკის ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობა კვლავ გაგრძელდება.