აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ათი წლისთვისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მუშაობის ათი წლისთვისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ერთად აფხაზეთისთვის" ჩატარდა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ოკუპირებული გალის რაიონის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების, საბავშო ბაღებისა და სახელოვნებო სკოლების მიმართულებით ჩატარებული სამუშაოების ანგარიში.

ოკუპირებული აფხაზეთის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ. აგრეთვე გალის სხვადასხვა სკოლის საბაზო საფეხურის 11 წარჩინებული მოსწავლე  ლეპტოპით, ხოლო 4 წარჩინებული კურსდამთავრებული კი ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ.

არტ-გალერეაში გამოფენილი იყო პროექტ „გზავნილები აფხაზეთიდან" ფარგლებში გალის სამხატვრო სკოლაში შექმნილი ნახატები და ხელნაკეთი ნივთები. შესრულდა  საფორტეპიანო ნაწარმოებები და ქართულ და აფხაზურ ენებზე წაიკითხეს ლექსები.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  პროგრამებისა და პოლიტიკის სამმართველოს უფროსი თამარ მალაზონია და სამინისტროს თანამშრომლები,  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლები, ბავშვთა და ახალგაზრდობის  ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კულტურის მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.