აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ვახტანგ ყოლბაიამ სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს ერთობლივ სხდომაზე იმერეთში განსახლებული დევნილების პრობლემები განიხილეს

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და ადგილობრივი ტერიტორიული  ერთეულების ხელმძღვანელებმა სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს ერთობლივ სხდომაზე დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხად შეტანილი იმერეთის მხარეში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მდგომარეობა განიხილეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ  სხდომის მონაწილეებს 2015-2017 წლებში აფხაზეთის მთავრობის მიერ გაწეული  საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა  და 2018-2020  წლების სამოქმედო გეგმა გააცნო.

დევნილთა პრობლემების და მათი მოგვარების გზების პრეზენტაცია გამართა იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ. მან იმერეთის რეგიონში  მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და ყოფითი პრობლემების ანალიზი წარმოადგინა. ისაუბრა ადგილობრივი ხელისუფლებისა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ აფხაზეთის მთავრობასთან ერთად გადადგმული ნაბიჯების შესახებ. შეხვედრაზე განიხილეს იმერეთის სხვადასხვა ქალაქებში დევნილთა წინაშე არსებული ლოკალური პრობლემები, აღინიშნა დადებითი ტენდენციები დევნილთა  მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით. ასევე, განხილულ იქნა მიმდინარე და სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები.

არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძემ.

„მივესალმები და მინდა მადლობა გადავუხადო იმერეთის გუბერნატორს, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობას, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძეს და დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილს აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაზე ზრუნვისა და თანადგომისთვის, რომელთა მიმართ ყურადღება იზრდება. მოხარული ვარ, რომ ჩვენი მიზნები თანხვედრაშია დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად. - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

სხდომაზე შემაჯამებელი სიტყვა იმერეთის მხარის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ წარმოთქვა.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლები, მთავრობის აპარატის ხელმძღვანელი, იმერეთის რეგიონის გუბერნატორის პირველი მოადგილე, ვიცე-გუბერნატორი, იმერეთის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.