აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის საგუნდო კაპელამ ზუგდიდში დედის და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის საგუნდო კაპელამ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, დედის და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გამართა.

კონცერტის დაწყებამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და მათ ქალთა საერთაშორისო დღე, 8 მარტი მიულოცა.

„როგორც ერთი თვის წინ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას დაგპირდით, დღეს მინდა წარმოგიდგინოთ, ჩვენი სახელგანთქმული აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის საგუნდო კაპელა, რომელსაც ნიჭიერი კომპოზიტორი ზვიად ბოლქვაძე ხელმძღვანელობს და ამ საჩუქრით მინდა მოგილოცოთ დედის და ქალთა საერთშორისო დღე“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ღონისძიებას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ჯაბა ჯაიანი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაირა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.