აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიმართვა

1993 წლიდან ყოველი 27 სექტემბერი განსაკუთრებით მძიმე და ტკივილიანია სრულიად საქართველოსა და განსაკუთრებით აფხაზეთიდან დევნილი ჩვენი თანამემამულეებისათვის.

ჯვართამაღლების ბრწყინვალე დღესასწაული იძულებით გადაადგილებულთა საერთო სატკივარის - აფხაზეთის პრობლემის მოგვარების გარშემო მიმდინარე პროცესების გაანალიზების და ამ მიმართულებით სამთავრობო სტრუქტურების პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის მიერ გადადგმული ნაბიჯების შეჯერების სიმბოლური თარიღი გახდა. 20 წლის განმავლობაში აფხაზეთის პრობლემის გარშემო მიმდინარე ყოვლად უშედეგო პროცესების და რუსეთის იმპერიის მიერ 2008 წლის 26 აგვისტოს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების ფონზე ძნელია ანუგეშო აფხაზეთის მკვიდრნი, განსაკუთრებით შვილდაღუპულთა ოჯახები. დრო ვერ აფერმკრთალებს სამშობლოს წინაშე ჩვენი საერთო ვალდებულებების უზენაესობას, ვერ ამსუბუქებს თავისავე ქვეყანაში იძულებით  ადგილნაცვალ ადამიანთა გაუსაძლის სულიერ და ფიზიკურ ყოფას.

მაგრამ მარტო სინანულით საქმეს ვერ ვუშველით. დღეისათვის, რითაც შეიძლება  ვიამაყოთ - ეს არის ჩვენი თანამემამულეების სამოქალაქო გმირობა, რომელიც გამოიხატა მათ ჭირთათმენაში, სულიერ და ფიზიკურ სიძლიერეში, ფსიქოლოგიურ წონასწორობასა და პოლიტიკურ კულტურაში. მიუხედავად გაუსაძლისი ყოფითი პირობებისა და სოციალური მდგომარეობისა აფხაზეთის დევნილმა საზოგადოებამ აღზარდა ახალი განათლებული თაობა, რომელიც საკუთარ სიტყვას ამბობს ეკონომიკაში, მეცნიერებაში, ლიტერატურასა და ხელოვნებაში, კულტურასა და სპორტში, სახელისუფლებო სტრუქტურებში წარმატებული მოღვაწეობით.

გვეამაყება, რომ დევნილმა საზოგადოებამ თავისი მოკრძალებული მატერიალური შესაძლებლობების მიუხედავად მისთვის ხელმისაწვდომი ინვესტიციები ჩადო შვილების განათლებაში, მომავალი თაობის ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლებაში და ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცა მომავალზე, უკეთეს მერმისსზე გათვლილი მაღალი ზნეობის  ცხოვრების წესის მიმდევრობა.

სწორედ ეს გახლავთ ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რომლითაც ჩვენი საზოგადოება 27 სექტემბერს მივა გმირთა მოედანზე და მუხლმოდრეკილი პატივს მიაგებს იმათ ხსოვნას, ვინც ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე მიიტანა სამშობლოს სამსხვერპლოზე. ჩვენი მომავალი თაობები გულწრფელი მადლიერების და უდიდესი პატივისცემის გრძნობით განადიდებენ მათ სახელებს, გააგრძელებენ ბრძოლას საკუთარი კარმიდამოს დასაბრუნებლად და ქვეყნის გასამთლიანებლად.

უნდა ვაღიაროთ - სახელმწიფოს მიერ 20-წლიანი უნიათო პოლიტიკის შედეგია ის, რომ დღეს მოსახლეობაში აფხაზეთის პრობლემის მოგვარების მიმართ სრული უიმედობა და ნიჰილიზმი შეიმჩნევა, რაც მთელი რიგი ობიექტური და სუბიექტური მიზეზებითაა განპიროვნებული. შედეგად წლების მანძილზე ჩამოყალიბდა გაუცხოების პოლიტიკა,  სახელისუფლებო სტრუქტურების და დევნილი საზოგადოების ფართო მასების, მის ინტელექტუალურ და პოლიტიკურ ძალებს შორის, რაც გამოწვეული იყო აფხაზეთის პრობლემის დარეგულირების, დევნილთა სოციალური საკითხების მოგვარების საქმეში მათი პოტენციალის გამოყენების აშკარა იგნორირებით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს და მთავრობას დაუშვებლად მიაჩნია დევნილთა პრობლემატიკასთან დაკავშირებული პროცესების არსებული სახით განვითარება და მოუწოდებს დევნილთა პრობლემებით დაკავებულ, როგორც სახელმწიფო, ასევე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და პოლიტიკურ ძალებს აქტიური თანამშრომლობისაკენ. გვჯერა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებისა და დევნილთა სოციალური პრობლემების გადაჭრის საკითხებზე სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებისა და რეალიზაციის პროცესებში გათვალისწინებული იქნება აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების მონაწილეობის საკითხი.

გამოვხატავთ მადლიერებას და მივესალმებით დაღუპული გმირების ოჯახების მიმართ მთავრობის მიერ ბოლო დროს გადადგმულ ნაბიჯს, რომელიც მატერიალურზე მრავალჯერ უფრო ზნეობრივი, სამართლიანობისა და ჰუმანური დატვირთვის მატარებელია. იმედია, რომ ასეთივე ყურადღება მიექცევა საომარი მოქმედებების დროს ათასობით ომის ინვალიდებს, რომელთაც პირნათლად მოიხადეს თავისი პატრიოტული ვალი სამშობლოს წინაშე. ეს ომის ქარიშხალგამოვლილი ვეტერანები დაღუპულ გმირებთან ერთად სწორედ ის ხალხია, ვინც მომავალი თაობების პატრიოტული აღზდისათვის ხელშესახები და მისაბაძი მაგალითია.

მოუწოდებთ დევნილ თანამემამულეებს, მიუხედავად მათი უმძიმესი სოციალური, ყოფითი, ურთულესი მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობისა, ბოლომდე შეინარჩუნონ სიმშვიდე და მოთმინება და გამოიჩინონ მათთვის ჩვეული მაღალი შინაგანი და პოლიტიკური კულტურა, რათა ერთობლივი ძალისხმევით შევძლოთ ყველა საჭირბოროტო პრობლემის, ჩვენი უფლებების ცივილური, სამართლებრივი გზებით მოგვარება და დაცვა.

ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ისტორიული სამართლიანობა აღდგება, აფხაზი და ქართველი ხალხი კვლავ ერთად იცხოვრებს მშვიდობისა და ურთიერთგაგების გარემოცვაში. დადგება ჟამი შეცდომების აღიარებისა, ურთიერთმიტევებისა და მონანიებისა, ჩვენი საერთო მტრის მხილებისა და დაგმობისა.

ჩვენი სანუკვარი მიზანი ერთია: გავერთიანდეთ აფხაზეთის დაბრუნებისა და აფხაზეთში დაბრუნებისათვის გაერთიანებული და გაბრწყინებული საქართველოსათვის.

ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო

ქ.თბილისი,
2013 წლის 25 სექტემბერი