საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების შემეცნებითი პროექტის - „ჩემი აფხაზეთი" დასკვნითი საღამო გაიმართა, რომელიც აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებულ ტრაგიკული მოვლენების 20 წლისთავს მიეძღვნა.
აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა აფხაზეთის თემაზე ლექსები და აფხაზი თანატოლებისადმი მიძღვნილი წერილები წაიკითხეს.
პარალელურად აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების ნახატების გამოფენა „ჩემი აფხაზეთი" მოეწყო. ასევე აფხაზი სახელოვანი წინაპრების ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მასალები, მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის ექსპონანტები გამოიფინა.
ღონისძიებას დაესწრნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, აფხაზეთის მეომართა კავშირი, ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრები და აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები.
ღონისძიების ბოლოს ნაჩვენები იქნა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია - „ჩემი აფხაზეთი".
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და ს.ს.ი.პ. კინოცენტრის ,,აფხაზეთი" ორგანიზებით მოეწყო.