საქართველოს პარლამენტში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა თემაზე „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და აფხაზეთი“ გაიმართა

საქართველოს პარლამენტის პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა თემაზე, „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და აფხაზეთი" გაიმართა. მრგვალ მაგიდას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გედევან ფოფხაძე უძღვებოდა. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე.

ღონისძიებაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიასთან ერთად, პარლამენტის ვიცესპიკერი და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრი გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა , აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აკადემიური წრეებისა და საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებაზე, ერთიან დამოუკიდებელ სახელმწიფოში -1918 წლის მაისი - 1921 წლის თებერვალი - სამწლიანი თანაცხოვრების, ქართული სახელმწიფოსა და აფხაზეთის ავტონომიის მშენებლობის გამოცდილებასთან დაკავშირებით, მოხსენება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯემალ გამახარიამ წარადგინა.

„26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი და მოვლენაა საქართველოს ისტორიაში. შეიძლება ითქვას, რომ ამ დღეს, XV საუკუნის ბოლოს დაშლილი ერთიანი ქართული სახელმწიფო მკვდრეთით აღდგა. ჩვენს ერში ვერ ჩაკლეს სახელმწიფოებრიობის შეგრძნება, სახელმწიფოებრივი აზროვნება, სახელმწიფოს აღდგენისკენ მისწრაფება, სახელმწიფოს აღდგენის შინაგანი მოთხოვნილება", - განაცხადა მომხსენებელმა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის შეფასებით, 1918-1921 წლები ქართულ-აფხაზური ურთიერთობების თვალსაზრისით იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, რომელიც გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა. მისი შეფასებით, ქართველებმა და აფხაზებმა დამოუკიდებელ დემოკრატიულ სახელმწიფოში მშვიდობიანი თანაარსებობა მოახერხეს.

ჯემალ გამახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, აფხაზეთის მკვიდრთა განსაკუთრებული დამსახურება, მათი გამორჩეული როლი და ადგილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებასა და მშენებლობაში. მან მოხსენებისას, ამ საქმეში, კონკრეტული ადამიანების დამსახურებებზე და ღვაწლზე ისაუბრა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მიიჩნევს, რომ აფხაზურ და ქართულ მხარეებს შორის უნდა მოხდეს მედიატორის გარეშე დიალოგი. მისივე თქმით, 1991 წელს, საქართველოს მიეცა აფხაზურ მხარესთან ჩრდილოელი მედიატორის გარეშე დიალოგის წარმოების საშუალება და მოხერხდა კიდეც სერიოზული საკონსტიტუციო საკითხებზე შეთანხმების მიღწევა.

შეხვედრის დასასრულ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს საინტერესო მოხსენებისთვის და დისკუსიისთვის. მან ხაზი გაუსვა ქართული პოლიტიკური და სამეცნიერო აზრის თანხვედრის მნიშვნელობას.