გლდანის სპორტულ კომპლექსში სპორტულ-კულტურული ღონისძიება „მეგობრობა გზად და ხიდად“ გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის რეგიონული ოლიმპიური ორგანიზაციის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გლდანის სპორტულ კომპლექსში  სპორტულ-კულტურული ღონისძიება „მეგობრობა გზად და ხიდად" გაიმართა.

ღონისძიება მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს და მასში აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილმა  ახალგაზრდებმა  მიიღეს მონაწილეობა.

სპორტული ასპარეზობები ჩატარდა ბავშვებსა და ვეტერანებს შორის მინი-ფეხბურთში, კალათბურთში, ბაგირის გადაძალვაში. ჩატარდა ასევე ინტელექტუალური თამაში „სპორტული ვიქტორინა". გამარჯვებული გუნდები თასებით, მედლებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა  კონცერტი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს  სახელოვნებო ჯგუფების მონაწილეობით.

ქართული სპორტის განვითარებაში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის წარმატებული ვეტერანი სპორტსმენები - ვიქტორ სანეევი, კახი კახიაშვილი, ლერი ხაბელოვი, ლუკა კურტანიძე, ვლადიმერ გუცაევი, ვლადიმერ ბარქაია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ახალგაზრდების დამეგობრებას, სხვადასხვა ერთობლივ სპორტულ-კულტურულ პროექტში მათ ჩართვას, დევნილ ახალგაზრდებში სპორტისადმი ინტერესის გაღვივებას.