საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სერგო პაჭკორია, ოთარ ზუხბაია და მერი გეგეჭკორი ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, სახელმწიფო ჯილდო - ღირსების ორდენები გადასცეს სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობ სერგო პაჭკორიას, 1987-1989 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ოთარ ზუხბაიასა (სიკვდილის შემდეგ) და ღვაწლმოსილ პედაგოგ მერი გეგეჭკორს (სიკვდილის შემდეგ).

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ სერგო პაჭკორიას, ოთარ ზუხბაიასა და მერი გეგეჭკორის კოლეგები, მეგობრები და ოჯახის წევრები რომლებმაც მათი მოღვაწეობის პერიოდები გაიხსენეს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები და დაჯილდოებულთა ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

საქართველოს სახალხო არტისტს, საქართველოსა და  აფხაზეთის დამსახურებული არტისტ სერგო პაჭკორიას ნახევარ საუკუნეზე მეტი აკავშირებს სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან, რომელსაც შარშან 130 წელი შეუსრულდა. მის მიერ შესრულებულ თითქმის 150 როლში ასახულია მსახიობის მთელი თანამედროვეეპოქა თავისიჭირ-ვარამითა და ქარტეხილებით.

ცნობილი ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის ოთარ ზუხბაიას გმირობის დახასიათებისათვის მის მიერ ლიხნის ცნობილ მიტინგზე წარმოთქმული სიტყვებიც საკმარისია: „მე საქართველოს  მხარეზე  ვარ, იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს აფხაზეთი" ამ სიტყვებით, მან რისკის ქვეშ დააყენა თავისი პოლიტიკური კარიერა, თუმცა, დარჩა ყველაზე მთავარი პრინციპის, ერთიანი საქართველოს ერთგული.

ღვაწლმოსილი პედაგოგი მერი გეგეჭკორი წლების მანძილზე მუშაობდა გალის რაიონის განათლების განყოფილების გამგედ. მოგვიანებით აფხაზეთის განათლების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. წლების განმავლობაში მეგობრული ურთიერთობები ჰქონდა  აფხაზეთის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ წრეებთან, დიდი ნდობით სარგებლობდა აფხაზ მოსახლეობაში.