აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

გლდანის სპორტულ კომპლექსში მინი-ფეხბურთში მურად ანჯაფარიძის სახელობის ტურნირი გაიმართა

აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით, გლდანის სპორტულ კომპლექსში მინი-ფეხბურთში მურად ანჯაფარიძის სახელობის ტურნირი გაიმართა.

ტურნირში მოზარდებით დაკომპლექტებული 8 გუნდი მონაწილეობდა. ფინალურ მატჩში თბილისის 8 და 9 წლამდელთა გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. გამარჯვებული 8-წლამდელთა გუნდი გახდა. გამარჯვებული მურად ანჯაფარიძის შვილმა დააჯილდოვა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვიტალი ბენდელიანი, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო მალანია და სახალისო ფეხბურთის კახი ასათიანის ფონდის თავმჯდომარე ვალერი ჩოლარია ესწრებოდნენ.

ტურნირში მონაწილე გუნდები თასებით, მედლებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ისტორიკოსი და ეკონომისტი, სპორტის ექსპერტი მურად ანჯაფარიძე 1949 წლის 10 ივნისს დაიბადა. დაამთავრა სოხუმის შოთა რუსთაველის სახელობის I საშუალო სკოლა და სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი.

1998 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. 1991 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.