ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავას და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკის შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავას და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკის შეხვდა.

ვახტანგ ყოლბაიამ დეპუტატებს მადლობა გადაუხადა მათ მიერ გაწეული აქტიური მუშაობისათვის და ბოლო პერიოდში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისადმი პარტნიორი ქვეყნების უპრეცედენტო მხარდაჭერის მოპოვებისათვის, რაც საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციებსა და განცხადებებში აისახა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებასა და გამოწვევებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ავტონომიურ რესპუბლიკაში გარემოს დაცვასა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საგანგაშო მდგომარეობაზე.

„ვინაიდან, ოკუპირებულ აფხაზეთში გარემოს დაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის კუთხით მძიმე მდგომარეობა შეიქმნა, საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობის მეტად გააქტიურება და ამ საკითხების კიდევ უფრო წინ წამოწევა.

აფხაზეთის გარემოზე ზრუნვა, ისევე როგორც კულტურული მემკვიდრეობის მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება, არის ჩვენი, ქართველებისა და აფხაზების საერთო ამოცანა. ვფიქრობ ეს ის საკითხებია სადაც შევძლებთ თანამშრომლობას და ამ საქმეში საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერა გვექნება“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

შეხვედრაზე აღინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განსაკუთრებული პოზიტიური როლი შერიგებისა და ნდობის აღდგენის საკითხებში.