ბორჯომის ხეობაში ჯომარდობაში აფხაზეთის თასის გათამაშება გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ბორჯომის ხეობაში (ჩითახევის ჰესთან) ჯომარდობაში აფხაზეთის თასის გათამაშება გაიმართა.

ტურნირში მონაწილეობდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის გუნდი „აფხაზეთის მთავრობა", აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდი „დიოსკურია", სარაგბო გუნდი „ტაო", აფხაზეთის რაგბის ფედერაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის გუნდი, ძალისმიერი სამჭიდის ფედერაცია, ძალისმიერი კლუბი „სტრონგერ", ზემო აფხაზეთის სპორტული სკოლა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს გუნდი „გაბი", აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს გუნდი „ცხუმი", თბილისის ზღვა „ტოჩინოშინი", ამერიკული ფეხბურთის ფედერაცია, მედია გუნდი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა დეპარტამენტი, ცხინვალის ადმინისტრაცია და მორაგბეებისა და განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდი „ინტერნაციონალი". აფხაზეთის თასის 2018 წლის გათამაშებაში სულ 16 გუნდი მონაწილეობდა.

ტურნირის გამარჯვებული და აფხაზეთის თასის მფლობელი სარაგბო გუნდი „ტაო" გახდა. მეორე ადგილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდმა „დიოსკურიამ" დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის გუნდი გავიდა.

ტურნირში გამარჯვებული გუნდი აფხაზეთის გარდამავალი თასით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდა. მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები კი მედლებითა და დიპლომებით.

ტურნირის მიზანია ქვეყანაში ჯომარდობის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.