ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ვასილ გურჯუას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ასოციაციამ „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" აფხაზი პოლიტიკური მოღვაწის, საქართველოს ერთიანობისა და მის შემადგენლობაში აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისათვის დაუღალავი მებრძოლის, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერის ვასილ გურჯუას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

შესავალი სიტყვა საღამოს ორგანიზატორმა ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია"-ს თავმჯდომარე ალუ გამახარიამ წარმოთქვა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ისტორიკოსმა ჯემალ გამახარიამ ვრცელ მოხსენებაში ვასილ გურჯუას ბიოგრაფიასა და მის მოღვაწეობაზე ისაუბრა. ასევე ქვეყნის წინაშე მისი დამსახურებები გაიხსენა, რომელიც აფხაზებსა და ქართველებს შორის ნდობის განმტკიცებისა და მშვიდობის მშენებლობისაკენ იყო მიმართული.

ვასილ გორჯუას მოღვაწეობა და საქართველოს ერთიანობის შესანარჩუნებლად მის მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და დამსახურების შესახებ ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა გენადი მარგველაშვილმა და სხვა გამომსვლელებმა.

საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები შოთა ხეცურიანი და თემურ მჟავია, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა, პროფესორები, ეთნიკურად აფხაზები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.