სასტუმრო „ბეტსი“-ში ჟურნალისტთა კონფერენცია - „სიტყვა პირველია - ომისა და მშვიდობის ჟურნალისტიკა“ გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთის“ მხარდაჭერით სასტუმრო „ბეტსი“-ში გაიმართა ჟურნალისტთა კონფერენცია - „სიტყვა პირველია - ომისა და მშვიდობის ჟურნალისტიკა“, რომელიც სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავამ და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის" აღმასრულებელმა დირექტორმა ნაპოლეონ მილორავამ.

კონფერენციის მიზანი იყო ქართულ მედია-საშუალებებში აფხაზეთის თემის გააქტიურება. ასევე საქართველოს მედიის მეშვეობით ქართულ და აფხაზურ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და შერიგებისაკენ სწრაფვის გაღვივება.

კონფერენციის დღის წესრიგი შედგებოდა სამი ბლოკისგან: „მედია და კონფლიქტები“, „ომისა და მშვიდობის გაკვეთილები“ და „ახალგაზრდები ნდობის აღდგენისა და მშვიდობისათვის“.

თითოეულ ბლოკში წარმოდგენილი საინტერესო მოხსენებები - „XX საუკუნის 90-იანი წლების საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტები და მედია“, „სამხედრო ექსტრემალური ჟურნალისტიკის სპეციფიკა“, როგორც ჟურნალისტთა შეცდომების შემცირების საშუალება“, „მედია და საინფორმაციო ომის ახალი გამოწვევები“, „მედია, კულტურა და განათლება, როგორც სამშვიდობო კომუნიკაციის მექანიზმი“, „ჩემი გზა ომის ჟურნალისტიკიდან მშვიდობის ჟურნალისტიკამდე“, „მედიის როლი კონფლიქტის პრევენციასა და სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების პროცესში“ და სხვ. - ასახავდა ქართული ჟურნალისტიკის მიერ განვლილ გზას გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე ომისა და მშვიდობის გაშუქების თვალსაზრისით.

კონფერენციის მუშაობაში, ომისა და კონფლიქტის თემაზე მომუშავე სხვადასხვა მედია საშუალებების ჟურნალისტების გარდა, მონაწილეობდნენ: მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში; ზაზა ცოტნიაშვილი, განათლების სახლის დამფუძნებელი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი; აკაკი სიხარულიძე, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი მასკომუნიკაციის განხრით; სალომე კაპანაძე, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი; ოთარ ჟორდანია, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი; დოდო შონავა, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის მთავარი პროდიუსერი, ცნობილი მწერალი გურამ ოდიშარია და სხვები.

კონფერენციის მუშაობაში ლიეტუვიდან და საფრანგეთიდან საგანგებოდ გამოგზავნილი ვიდეოჩანაწერის მეშვეობით ჩაერთვნენ: ლიეტუველი ჟურნალისტი ირენა ვანაგაიტიტე და საფრანგეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ბონდო ქურდაძე.

ნაჩვენები იყო  აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის,  ტელეკომპანია „ერთსულოვნებისა“ და ცალკეულ ჟურნალისტთა მიერ სხვადასხვა დროს მომზადებული ვიდეოსიუჟეტები  აფხაზეთზე.

კონფერენციას საქართველოს პარლამენტის წევრი ადა მარშანია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, არასამთავრობო სექტორისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს მიმართვა აფხაზი ჟურნალისტებისადმი.

სასტუმროს ფოიეში მოეწყო აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების ნამუშევრების გამოფენა, რომელიც მშვიდობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

კონფერენციას ჟურნალისტი ვენერა რურუა უძღვებოდა.