ვახტანგ ყოლბაია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

ფონდ „მოლოდინის" და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახებისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელეტუალური განვითარებიც ცენტრში, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე, მსოფლიოში 1983 წლიდან აღინიშნება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, საქართველოს პარლამენტის წევრი გია ვოლსკი და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ახლობლები.

ვახტანგ ყოლბაიას თქმით, ამჟამად, ქართული სახელმწიფო ძალიან ბევრს მუშაობს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საფლავების მოსაძიებლად.

„უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნება, საქართველოში კი ეს დღე პირველად 2014 წელს აღინიშნა. ძალიან ბევრია ისეთი დედა, რომელიც ჭიშკართან დგას და  შვილს ელოდება.  რას უნდა გრძნობდეს დედა, რომელმაც შვილის საფლავიც კი არ იცის. მრავალი ორმხრივი ქართულ-აფხაზური შეხვედრა ტარდება, სადაც ამ საკითხებზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. პროცესი თავისებურია და  პროცედურა ბევრი ნიუანსის გათვალისწინებას მოითხოვს. მხოლოდ იდენტიფიცირების შემდეგ ხდება მათი ძმათა სასაფლაოზე  დაკრძალვა. ჩვენი ვალია ყველა ჩვენი ვაჟკაცი მეომრის საფლავი ვიცოდეთ. სახელწიფო  ძალიან ბევრს აკეთებს თითოეული  მეომრის ადგილსამყოფელის აღმოსაჩენად  და გადმოსასვენებლად, მათი ოჯახების მხარდასაჭერად". - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.