აფხაზეთის მთავრობამ 2014 წლის პირველ ნახევარში გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განახლებულ დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებმა 6 თვის ანგარიშის პრეზენტაცია გამართეს.

პრეზენტაცია წარმოადგინეს განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, რეგიონული მართვის სამინისტრომ, სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტების დარეგულირების სამინისტრომ, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტმა და დევნილთა საქმეების დეპარტამენტმა.

პრეზენტაცია აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ახლად გარემონტებულ დარბაზში გაიმართა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, ეს დარბაზი ღია იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც აფხაზეთის და დანარჩენი საზოგადოებისთვის საკუთარი შემოქმედების წარმოჩენის სურვილი ექნება.

„დღეს ჩვენ ვმართავთ აფხაზეთის მთავრობის მიერ 2014 წლის პირველ ნახევარში გაწეული საქმიანობის პრეზენტაციას კულტურის სამინისტროს მიერ განახლებულ დარბაზში. ვისაც მისი პირვანდელი მდგომარეობა ახსოვს გაუკვირდება ალბათ  როგორ მოახერეხეს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მუშაკებმა, მინისტრმა დიმა ჯაიანმა ასეთი შესანიშნავი დარბაზის ძალიან მოკლე დროში გაკეთება. აქ ყველაფერი ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის: მხატვრული გემოვნება, ესთეტიკა, განათება, ფერი, სივრცე, ფორმა და შინაარსი. ის გადაიქცევა არა მარტო კულტურის სამინისტროს, არამედ მთლიანად ჩვენი მთავრობის, ჩვენი დევნილების, საბოლოო ჯამში კი აფხაზეთის სავიზიტო ბარათად. სიმბოლურიცაა და საგულისხმოც, რომ დარბაზს  აფხაზეთში დაღუპული ცნობილი მხატვრის ვალერი არქანიას სახელი დაერქვა. ამ მშვენიერ  თეთრ, სვეტებიან დარბაზს დიდი პერსპექტივები აქვს. მართალია, თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო მისი მხატვართა საგამოფენო დარბაზად ქცევა, მაგრამ მერე სხვა იდეებიც გაჩნდა. აქ ჩაატარებენ კონფერენციებს, საპრეზენტაციო შემოქმედებით საღამოებს, მოაწყობენ სხვადასხვა სახის გამოფენებს და მრავალ სხვა ღონისძიებებს. ჩვენ ხშირად ვქირაობთ დარბაზებს, მაგრამ უფრო ხშირად უსასყიდლოდ გვითმობენ მათ, რაც გამოგიტყდებით დიდ უხერხულობას გვიქმნის. ამიერიდან საკუთარი დარბაზი გვაქვს, რაც ძალიან ბევრ პრობლემას მოგვიგვარებს. ჩვენ საგანგებოდ დავამთხვიეთ ერთმანეთს მთავრობის ნახევარ წლის მუშაობის ანგარიშისა და ახალი დარბაზის პრეზენტაცია, ვინიდან დარბაზის გახსნაც კულტურის სამინისტროს მიერ გაწეული მუშაობის შედეგების ერთგვარი პრეზენტაციაც გახლავთ".

ვახტანგ ყოლბაიამ ასევე ისაუბრა მთავრობის ნახევარი წლის ანგარიშის პრეზენტაციის შესახებ. მისი თქმით, პრეზენტაციამყველაფრის წარმოჩენა ვერ შეძლო, მაგრამ მთლიანობაში მაინც აისახა ის, რისი გაკეთებაც აფხაზეთის მთავრობამ ბოლო 6 თვის მანძილზე შესძლო.

„Power Point-ის რეჟიმში, სლაიდ-შოუების მეშვეობით, ყველა სამინისტრომ წარმოადგინა თავისი ნამუშევარი, ზოგმა ვიზუალურად ზოგმა ტექსტურ რეჟიმში. თუმცა ისიც უნდა გითხრათ, რომ მართალია ყველაფერი ვერ აისახა, მაგრამ ძირითადად მაინც წარმოჩნდა ის, რაც გაკეთდა ნახევარი წლის განმავლობაში. მოვიწვიეთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო თავმჯდომარის ხელმძღვანელობით. სამწუხაროდ, ვერ მოვიფიქრეთ, რომმოგვეწვია ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთა უმეტესობამ  ალბათ არც იცის, რას აკეთებს აფხაზეთის მთავრობა. ის ხალხიც კი, ვინც კარგად იცნობს ჩვენს საქმიანობას, გაკვირვება გამოხატა მოსმენილით და ნანახით. მეამაყება, რომ დღვანდელმა პრეზენტაციამ ამდენი ქება დაიმსახურა. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ პრეზენტაციას აკლდა კრიტიკული პათოსი, რა ვერ გავაკეთეთ ან რატომ ვერ შევძელით დასახული ამოცანების შესრულება. როგორც ჩანს, ამაზე მაინც მოგვიწევს საუბარი და თითოეული საკითხის დეტალური შესწავლა, რომ დროზე დაიძლიოს ის სირთულეები, რომელიც განუხორციელებელ პროექტებს თან ახლავს. მაგრამ ისიც მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელმა პრეზენტაციამ ბევრი რამ დაგვანახა, ბევრ რამეზე თვალი აგვიხილა და სამომავლოდ ახალი გზებიც დაგვანახა. ვფიქრობ, ამ მხრივ, ეს დღე ყოველი ჩვენგანისთვის სასარგებლოც იყო და სასიამოვნოც", - აღნიშნა ყოლბაიამ.

ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, აფხაზეთის მთავრობას დევნილთა შესახებ ბევრი ისეთი ინფორმაცია დაუგროვდა, რომელიც სხვაგან არ მოიპოვება. როგორც მან აღნიშნა, ეს ძირითადად ეხება დევნილთა პრობლემებს კომპაქტურ ჩასახლებებში, რადგან მთავრობას აღნუსხული აქვს ყველაფერი, რომელ დასახლებას რა პრობლემა აქვს. მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში, აღნიშნულ მასალებს ა/რ მთავრობა ცენტრალური ხელისუფლების შესაბამის უწყებებს გადაუგზავნის.

„როგორც გამომსვლელები ამბობდნენ, არის ისეთი ინფორმაციული მასალა, რომლის შესახებ პრაქტიკულად არავინ იცოდა. ჩვენ ძალიან დიდი ინფორმაციული ბაზა ჩამოვაყალიბეთ. შეიძლება იმის თქმაც, რომ ასეთ ინფორმაციულ ბანკს დღეს არავინ ფლობს. ჩვენ მოვახერხეთ ყველა კომპაქტურად ჩასახლებული ობიექტის პასპორტიზაცია. დღეს უკვე დანამდვილებით ვიცით სად არ არის საკანალიზაციო სისტემა, სად აწვიმს, სად არის  მორყეული საყრდენი, და სად არის კაპიტალური პრობლემები, ყველაფერი ეს დეტალურად აღრიცხულია. ამ დროისთვის მიმდინარეობს ამ ინფორმაციის დახვეწა. ბუნებრივია ეს მასალები გადაეგზავნება სამინისტროებს, მერიას, იმ რაიონებს, სადაც კომპაქტურად არიან ჩასახლებული დევნილები. არა იმიტომ, რომ ვინმეს გადავაბაროთ ჩვენი გასაკეთებელი საქმე. პრაქტიკამ და გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ეს საჭიროა იმიტომ, რომ იქ რაიონებში მეტი შესაძლებლობებია იქვე, ადგილებზე გაუწიონ დახმარება დევნილებს. ჩვენ გვაქვს საქართველოს ხელისუფლების  მხარდაჭერა, რაც ძალიან დიდი სტიმულია. გაერთიანებული ძალებით, ერთობლივად შესაძლებელი გახდება ქრონიკულად მოუგვარებელი პრობლემების ერთხელ და სამუდამოდ დაძლევა. ძალიან ბევრი დრო დაიკარგა. ძალიან დიდი ფინანსური რესურსები ქარს გავატანეთ. დევნილთა დახმარებისთვის უცხოეთიდან გამოგზავნილი თანხები სადღაც დაილექა, არაეფექტიანად, არამიზნობრივად დაიხარჯა. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ მათაც გული გაუცივდათ ჩვენს პრობლემებზე. სანაცვლოდ მივიღეთ ჩვენი დევნილების გაცრუებული იმედები. მხოლოდ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ შეძლო უმცირეს დროში დევნილთა 5000-მდე ოჯახის ბინებით დაკმაყოფილება. ამან იმედი ჩაუსახა ჩვენს ხალხს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ შესაძლებელი გახდება უმძიმეს პრობლემებთან გამკლავება. დღეს აფხაზეთის ხელისუფლებას ხელთ აქვს მკვეთრად შემცირებული მატერიალური რესურსი, ჩვენი პრობლემებისადმი უცხოეთის ორგანიზაციების გულგაციება და მრავალი სხვა თანმდევი ნეგატიური მოვლენები, რომელიც ხელს ნამდვილად არ უწყობს ჩვენს მუშაობას. ეს არის ის რეალობა, რომელთან ჭიდილიც დღევანდელ ხელისუფლებას მოუწევს.

ამიტომ, ბუნებრივია, ამ პრეზენტაციაზე ჩვენახალი პერსპექტივებიც დავსახეთ, რომელმაც მომავალში ჩვენი ეფექტიანი მუშაობა უნდა უზრუნველყოს.  პრეზენტაციებს საყოველთაო ხასიათი უნდა მიეცეს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველაფერი დევნილების ცხოვრების შესახებ. ამ მხრივ პიარის პრობლემაც გვაქვს. მდგომარეობის გამოსასწორებლად პირველი ნაბიჯები გადადგმულია. ვფიქრობ უახლოეს მომავალში საერთო ძალისხმევით მოხერხდება ერთგვარი ინფორმაციული ვაკუუმის გარღვევაც. ჩვენს დევნილებს ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა არ უნდა შეეზღუდოთ. ეს ყველას ერთად ძალიან გვხევს უკან. დანარჩენი საზოგადოება კი უფრო მეტად უნდა დავაინტერესოთ ჩვენი საკითხებით. დაინტერესების გამოწვევა კი მხოლოდ ინფორმაციის დროულად მიწოდებას და გავრცელებას შეუძლია. ეს ყველასთვის საჭირო და აუცილებელია.", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

პრეზენტაციისა და დევნილთა პრობლემების შესახებ ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმაც.

„დღეს გაიმართა პირველი პრეზენტაცია განახლებულ დარბაზში. დღეს მე ვთქვი ერთი ფრაზა „მე არა ჩვენ", მე ამ სამინისტროში ავკრძალე სიტყვა მე. ჩვენ გავაკეთეთ ეს დარბაზი მხატვრებისთვის, მაგრამ მხატვრების გარდა აქ კიდევ გაიმართება სხვა სახის პრეზენტაციები. მგონი, ნორმალური გამოვიდა და რაც მთავარია, ჩვენ ეს მოვახერხეთ მოკლე დროსა და მიზერულ თანხებში. „თუ გული გულობს ქადა ორი ხელითაც იჭმებაო" მე ამაში დარწმუნებული ვარ", - განაცხადა დიმა ჯაიანმა.