სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II–ის ლოცვა–კურთხევით, აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებულ ტრაგიკული მოვლენების 20 წლისთავთან დაკავშირებით ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ დაიწერა

27 სექტემბერს, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" დააბრძანეს, რომელიც უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მთავარეპისკოპოსის მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტის ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა კურთხევითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით დაიწერა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯონი აფაქიძემ, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს, უნივერსიტეტის სტუდენტებმა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლებმა სამების საკათედრო ტაძრისკენ ხატით მსვლელობა დაიწყეს. სამების საკათედრო ტაძრისკენ ხატს საქართველოს შეირაღებული ძალების ოფიცრები და ჯარისკაცები საპატიო ყარაულით მიაცილებდნენ.

სამების საკათედრო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II ხატი აკურთხა.

ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" აფხაზეთში 20 წლის წინ განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის დაიწერა. უწმიდესმა და უნეტარესმა ქართველებისა და აფხაზების შერიგებისათვის ილოცა და აფხაზეთში 1990-იან წლებში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი გადაიხადა. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II თავის ქადაგებაში აღნიშნა, რომ „ძმთამკვლელ ომში ყველა მხარე დამარცხებულია და მცდელობა, ბარიერები აღმართონ ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის მარცხისთვისაა განწირული".

პატრიარქი 23 მაისს „აფხაზეთობის" აღნიშვნის ინიციატივით გამოვიდა.

ქადაგების ბოლოს პატრიარქმა თავდადებისათვის ჟიული შარტავას ჯილდო - წმინდა გიორგის ოქროს ორდენი მიანიჭა.

უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II ეკლესიის უმაღლესი ჯილდო, წმინდა ნინოს ოქროს ორდენი აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს მიანიჭა და აღნიშნა, რომ ჯილდოს ტარების უფლება ექნება უზენაესი საბჭოს თავმჯრომარეს და შესაბამისად ელგუჯა გვაზავას გადასცა.

მოგვიანებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის - ჟიული შარტავას და 23-ე ბრიგადის ხელმძღვანელის, გენერალ გენო ადამიასა საფლავები გვირგვინით შეამკეს.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.