გიორგი ბარამიამ ათონის წმინდა მთიდან ჩამოსული სასულიერო პირების დელეგაცია მიიღო

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია ათონის წმინდა მთიდან ჩამოსულ სასულიერო პირების დელეგაციას შეხვდა.

შეხვედრაზე, ქართველებისა და აფხაზების ერთობლივი შემოწირულობებით ივერიის კარიბჭის ღვთისმშობლის ხატის ასლის დაწერის დეტალებზე ისაუბრეს. ხატის დაწერის ინიციატივა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს ეკუთვნის. 

გიორგი ბარამიამ  ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ეფრემს ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესები გააცნო და იქ არსებულ ტაძრებში ქართული კვალის წაშლის ფაქტებზე ესაუბრა.
,,აფხაზეთის მთავრობას განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს ვატოპედის მონასტერთან. სწორედ უწმინდესისა და ვატოპედის მონასტრის წინამძღვრის ლოცვა-კურთხევით ივერიის კარიბჭის ღვთისმშობლის ხატი იწერება  და უახლოეს მომავალში საქართველოში ჩამობრძანდება,"- განაცხადა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ.

გიორგი ბარამიას განცხადებით,  ხატს როგორც სასულიერო, ასევე  განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა ექნება.  ის აუცილებლად შებრძანდება აფხაზეთში და ეს იქნება ქართველთა და აფხაზთა ერთობლივი თანაცხოვრებისა და  შერიგების ხატი.

,,ჩვენ მოხარული ვართ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრით.  ალბათ იცით, რომ ათონის მთაზე ხატი იწერება და ის საქართველოში მალე ჩამობრძანდება. ყოველთვის ვლოცულობთ საქართველოზე და განსაკუთრებით აფხაზეთზე,"-განაცხადა ვატოპედის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდიტრმა ეფრემმა.

ვატოპედის მონასტრის წინამძღვარმა, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესა და მთავრობის წევრებს, საჩუქრად საეკლესიო  კალენდარი და წმინდა ხატები  გადასცა.