აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

გიორგი ბარამიძე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი  გიორგი ბარამიძე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს, გიორგი ბარამიას და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. ვიცე-პრემიერმა ისაუბრა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, ქვეყნის მშვიდობიანი გზით დეოკუპაციისა და გამთლიანების პერსპექტივებზე.  ასევე, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციასა და  ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულებაზე.
,,რუსეთთან თანამშრომლობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კრემლი საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და  არჩევანის თავისუფლებას აღიარებს. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო თავად ირჩევს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ კურსს.  პოლიტიკური დიალოგი ორივე სახელმწიფოსათვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ორივე ქვეყანას საერთო ინტერესები გააჩნია,"- აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.
შეხვედრაზე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ  საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობა ინფორმაციულ ვაკუუმს განიცდის. 
„აუცილებელია ამ მიმართულებით საზოგადოების ინფორმირება, რათა მათ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესახებ რეალური წარმოდგენა შეექმნათ. ცენტრალურ მთავრობასთან ინტენსიურად უნდა იმართებოდეს მსგავსი შეხვედრები. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თანამშრომლობისათვის. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართული მოსახლეობა აქტიურად უნდა ჩავრთოთ საქართველოში მიმდინარე პროცესებში.  ნათელი გახდა, რომ რუსეთს აფხაზეთში მცხოვრებთა  ბედი არ აღელვებს და ამ რეგიონში მას  მხოლოდ  გეოპოლიტიკური  ინტერესი ამოძრავებს," - განაცხადა გიორგი ბარამიამ.
დასასრულს შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა  ამომწურავად უპასუხა.