გიორგი ბარამიამ ათონის წმინდა მთიდან ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ახალი ხატი ჩამოაბრძანა

28 აპრილს, ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ საქართველოში ჩამოაბრძანა ათონის წმინდა მთაზე დაწერილი ივერიის  ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის (პორტაიტისას) ახალი ხატი, როგორც მფარველი აფხაზთა და ქართველთა ერთობისა. ხატის დაწერის სურვილი, რომელიც გასულ წელს გაჩნდა, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია II-მ აკურთხა.

საქართველოში ხატის ჩამობრძანებასთან დაკავშირებით თბილისის აეროპორტში შეკრებილი მრევლი, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა სერაფიმემ ასეთი სიტყვებით ანუგეშა: ,,ღვთისმშობელმა მოგვცა ასეთი კურთხევა და იმედი, რომ ნუ გეშინიათ ქართველნო, ნუ გეშინიათ აფხაზებო, მე მალე გაგაერთიანებთ.... ღვთისმშობლის სიყვარული კიდევ ერთხელ მფარველობს ჩვენს ცოდვილ ერს, კურნავს მას, პატიებს ბევრ შეცდომას და ამიერიდან ამ ხატის ჩამობრძანება კონკრეტულად აფხაზეთისთვის, ნიშნავს პირველ მერცხალს".

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ბარამიას თქმით, ქართველებსა და აფხაზებს ბოლო ოცი წლის განმავლობაში ერთობლივად არაფერი არ შეუქმნიათ.

,,ეს იდეა, ერთად დაგვეწერა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, ჩვენ განვახორციელეთ ათონის წმინდა მთაზე. დღეს ჩვენ ვიმყოფებით საქართველოს დედაქალაქში, თბილისში და მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ეს ხატი თავის ადგილსამყოფელს აფხაზეთში ჰპოვებს. დადგება  დრო, როცა ქართველები და აფხაზები ამ ხატთან ერთად ვილოცებთ", - აღნიშნა გიორგი ბარამიამ.

ათონელი ბერების უდიდესი მადლითა და სიყვარულით შექმნილი ეს სიწმინდე მრევლმა აეროპორტიდან სამების წმინდა საკათედრო ტაძარში წააბრძანა, სადაც ღვთისმშობლისადმი პარაკლისი აღავლინა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია II-მ.

,,დღეს ჩვენთვის დიდი სიხარულია, - ბრძანა პატრიარქმა, - ბატონმა გია ბარამიამ ჩამოგვიბრძანა ახალი ხატი, რომელიც არის მფარველი სრულიად საქართველოსი და აფხაზეთის ­­­­- ამ საქართველოში შემავალი, მე ვფიქრობ, რომ ისტორიის მანძილზე არ ყოფილა ისეთი პერიოდი, რომ ამდენი მშენებლობა ყოფილიყო ტაძრების და ამდენი ხატწერა ყოფილიყო. ეს  ნიშნავს, რომ ღმერთი მოწყალეა და ჩვენთან არს და ჩვენი მწყალობელია . უფალმა შეისმინოს ქართველთა და აფხაზთა ლოცვები და შეარიგოს ეს ორი ერი ერთმანეთს. გფარავდეთ ბიჭვინთის ღვთისმშობელი ''.