აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში  მთავრობის თავმჯდომარე  შეხვედრებს გამართავს უკრაინის პოლიტიკურ წრეებთან და უკრაინის რადას წარმომადგენლებთან, მათ შორის უმაღლესი რადას აპარატის მთავარი იურიდიული სამმართველოს ხელმძღვანელთან მიხაილ ტეპლიუკთან.
გიორგი ბარამია ასევე შეხვდება უკრაინაში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, ესტუმრება უკრაინის ქართულ საკვირაო სკოლას და კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრ ,,იბერიელის" მიერ ორგანიზებულ კონცერტს დაესწრება.

23 მაისს დაგეგმილია აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისა და უმაღლესი რადას საგარეო ურთერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილის ტარას ჩერნოვილის  შეხვედრა. გიორგი ბარამია მიწვეულია მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტში,  სადაც  პრეზენტაციას გამართავს თემაზე - ,,ოკუპირებული აფხაზეთი, საქართველო:  წარსული და არსებული მდგომარეობა".  ღონისძიებას უკრაინაში მოქმედი წამყვანი მედიის   წარმომადგენლები  დაესწრებიან. პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდება.

აფხაზეთის  მთავრობის  დელეგაციის  წევრები არიან აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრი ნოდარ ჩხარტიშვილი და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მთავარი მრჩეველი, უზენაესი სასამართლოს წევრი ვახტანგ თორდია.