სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში დევნილი ბავშვების ნახატების გამოფენა-კონკურსი გაიმართა

აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში გაიმართა ნახატების გამოფენა-კონკურსი თემაზე - ,,ნატო-მშვიდობის გარანტი‘'.

გამოფენა-კონკურსზე წარმოდგენილი იყო ოკუპირებული გალის რაიონისა და დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი აფხაზეთის საჯარო სკოლების VI-IX  კლასის მოსწავლეების ნამუშევრები. სულ 80 ნახატი გამოიფინა.

საუკეთესო ნახატები თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორის გია ბუღაძის, ამავე აკადემიის პროფესორის გია გუგუშვილისა და ,, აფხაზ და ქართველ ახალგაზრდა ხელოვანთა კავშირის'' თავმჯდომარის დავით ბაძაღუასგან შემდგარმა სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა.

კონკურსში გამარჯვებული პირველი სამი ადგილის მფლობელი ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა. კონკურსის ყველა მონაწილეს აფხაზეთის მთავრობამ სიგელები გადასცა.

,,ჩვენი ასეთი ინიციატივით ახალგაზრდობას კარგი  შესაძლებლობა ეძლევა, რომ თავისი ხედვა გამოხატოს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის როლის შესახებ.  მეორეს მხრივ, ეს გამოფენა ადასტურებს იმ ფაქტს, თუ რაოდენ დიდ ინტერესს იწვევს ნატო-ს თემატიკა აფხაზეთიდან დევნილ, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოზარდებში", - განაცხადა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ.