არზაყან ემუხვარის ცხოვრების ამსახველი წიგნის -„ქედუხრელი რაინდი“ პრეზენტაცია გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ბარამიას ინიციატივით, აფხაზეთის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, არზაყან ემუხვარის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი წიგნი - „ქედუხრელი რაინდი" გამოიცა, რომლის პრეზენტაცია საქართველოს ეროვნულ არქივში გაიმართა. პრეზენტაციის პარალელურად, ოქუმის სკოლის დაარსებიდან 160 წლისთავისადმი მიძღვნილი, აფხაზეთში პირველი საგანმანათლებლო კერების საარქივო მასალების გამოფენა მოეწყო. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტის დედა გიული ალასანია დაესწრო.

გიორგი ბარამიამ არზაყან ემუხვარის შთამომავალსა და ნაშრომის - „ქედუხრელი რაინდი" ავტორს, ნატო მარშანიას ქართულ ისტორიოგრაფიაში კიდევ ერთი საინტერესო წიგნის შემატებისთვის მადლობა გადაუხადა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აუცილებელია, რომ თაობებმა იცოდნენ იმ გმირების შესახებ, რომლებიც ქვეყნისა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ისტორიას ქმნიან.

„ვფიქრობ სიმბოლურია, რომ არზაყან ემუხვარი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას გვერდით განისვენებს საფრანგეთში, ლევილის ქართულ სასაფლაოზე. ასევე სიმბოლურია, რომ წიგნის პრეზენტაცია იმ გამოფენის ფონზე მიმდინარეობს, რომელიც ისტორიულ სამურზაყანოში ქართულ საგანმანათლებლო კერების დაარსებას ეძღვნება. სწორედ ოქუმის სკოლა იყო პირველი საგანმანათლებლო კერა მთელ აფხაზეთში, რომელმაც საქართველოს მისცა გამოჩენილი მოღვაწეები არზაყან ემუხვარი, აკაკი ჩხენკელი და ილია ვეკუა. ჩვენ ვაგრძელებთ სახელოვანი წინაპრების საქმეს. დარწმუნებული ვართ, რომ ისტორიული სამართლიანობა აღსდგება, რასაც საქართველოს უკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია და ქვეყნის გამთლიანება ჰქვია,"- განაცხადა გიორგი ბარამიამ.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა  და საქართველოს ეროვნულ არქივის ორგანიზებით გაიმართა.