ზესტაფონში აფხაზეთისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

რევაზ ლაღიძის სახელობის ზესტაფონის პირველ მუსიკალურ სკოლაში არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს პროფესიონალ ქალთა ასოციაცია ასი ქართველი ქალის" ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციისა და ზესტაფონის გამგეობის ორგანიზებით აფხაზეთისადმი მიძღვნილი საღამო „ჩვენ გვახსოვს აფხაზეთი..." გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ანსამბლი „ჰარმონია" - ზესტაფონის სამუსიკო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები, პოეტი ვერონიკა ვერულაშვილი და მუსიკოსი დოდო მერკვილიშვილი. ღონისძიებაზე აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპული მეომრები გაიხსენეს.

ღონისძიებას  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის მთავრობის წევრები,  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და აფხაზეთიდან დევნილები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ყოლბაია მიესალმა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას, ისაუბრა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ ქართველთა და აფხაზთა ერთად ცხოვრება გარდაუვალია და ეს უახლოეს მომავალში აუცილებლად მოხდება. მან, ასევე, საღამოს ორგანიზებისათვის მადლობა გადაუხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს პროფესიონალ ქალთა ასოციაცია ასი ქართველი ქალის" ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ციალა ნებიერიძეს და ზესტაფონის ადგილობრივ ხელისუფლებას. აღნიშნა, რომ ეს ქალაქი დევნილთა მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული სითბოთი გამოირჩევა.