ვახტანგ ყოლბაიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

საკომიტეტო მოსმენის მიზანი ქართული მხარის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე რუსეთის მილიტარისტული პოლიტიკის პირობებში ბავშვების მძიმე მდგომარეობაზე საერთაშორისო პარტნიორებისა და სამოქალაქო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა იყო.

საკომიტეტო მოსმენაზე მთავარი მოხსენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა წარმოადგინა.

სხდომაზე ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევების შესახებ. ამ მხრივ აღინიშნა ეთნიკური ქართველებით დასახლებულ გალის რაიონში არსებული განსაკუთრებით მძიმე ვითარება.

ყურადღება გამახვილდა სკოლებსა და ბაღებში არსებულ მდგომარეობაზე. სადაც მშობლიურ ენაზე განათლების მიღება იკრძალება და აქტიურად ხორციელდება რუსიფიკაციის პოლიტიკა. ასევე ადგილი აქვს ეთნიკურ დისკრიმინაციას და ხორციელდება ბავშვთა ფსიქიკასა და თავისუფალ ნებაზე ნეგატიური ზემოქმედება.

სხდომა დისკუსიით გაგრძელდა, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სახალხო დამცველის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დასახელებულ პრობლემებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და ხედვები წარმოადგინეს.