ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში მსახიობ კახაბერ შარაბიძის საიუბილეო საღამო გაიმართა

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობ კახაბერ შარაბიძის 55 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საღამო გაიმართა.

სოხუმის თეატრის დირექტორსა და მსახიობს კახაბერ შარაბიძეს წელს სცენაზე მოღვაწეობის 35 და დაბადებიდან 55 შეუსრულდა. იგი 1983 წლიდან დღემდე ერთგულად ემსახურება სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს, რომლის სცენაზეც არაერთი დასამახსოვრებელი როლი ითამაშა. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი როლები სპექტაკლებში: „ერთი ცის ქვეშ,“ „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ და „მუნჯის ენა“. ამჟამად კი იგი მთავარ როლს ასრულებს სპექტაკლში „იესოს საქმე“.

სპეციალურად საიუბილეო საღამოსთვის შეიქმნა ვიდეო-კოლაჟი, სადაც მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა არის თავმოყრილი.

საღამოზე მისმა მეგობრებმა ხელოვანის მოღვაწეობა და მის მიერ განვლილი შემოქმედებითი გზა გაიხსენეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ თეატრში მოღვაწეობის 35 წლისა და დაბადებიდან 55 წლის იუბილესთან დაკავშირებით სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობ კახაბერ შარაბიძეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მადლობის სიგელი გადასცა. ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ კულტურის სფეროში ხანგრძლივი, ნაყოფიერი მოღვაწეობის, თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილის, მაღალი მოქალაქეობრივი პოზიციისა და საზოგადოებრივი აქტიურობისთვის კახაბერ შარაბიძეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი გადასცა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, მსახიობის ახლობლები, მეგობრები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდა.