თბილისში მშენებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის თბილისის მეტოქიონის გუმბათზე ჯვარი აღიმართა

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა კურთხევითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით დღეს, 27 სექტემბერს, ჯვართამაღლებას, ქალაქ თბილისში მშენებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის თბილისის მეტოქიონის გუმბათზე ჯვარი აღიმართა.

ჯვრის კურთხევისა და აღმართვის ლოცვა აღავლინა და ტაძრის ეზოში შეკრებილი მრევლი დალოცა პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ.

„დღეს ჯვართამაღლებაა და ამავე დროს ჩვენთვის ტრაგიკული დღეა, რადგან 25 წლის წინ ამ დღეს დაეცა სოხუმი და ასიათასობით ძირძველი მოსახლე იძულებული გახდა საკუთარი სახლ-კარი დაეტოვებინა. მიუხედავად ბევრი განსაცდელისა ჩვენ დევნილეობაში მოვახერხეთ და თბილისის შუაგულში ავაშენეთ ტაძარი, რომელიც ილორის წმინდა გიორგის სახელს ატარებს. დღეს ამ ტაძარზე ჯვარი აღიმართა და მწამს, რომ ამ ჯვრის მადლით დავბრუნდებით და გავერთიანდებით“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ჯვრის აღმართვის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სასულიერი პირები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

ჯვართამაღლების დღესთან დაკავშირებით 12 საათზე საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ეკლესია-მონასტრებში ერთდროულად დაირეკა ზარი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გარდაცვლილთა სულთა საოხად პანაშვიდი გადაიხადეს.

თბილისში ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით შენდება.