პოეტი მადონა დვალი-დარცმელია, რომელიც რამდენიმე პოეტური და პროზაული კრებულის ავტორია, აფხაზეთში დაიბადა და გაიზარდა, დევნილის სტატუსით კი რუსთავში დამკვიდრდა. მოგვიანებით მან პოეტურ ფსევდონიმად დედის გვარი შეარჩია. სიმბოლიზმის მიმდევრად აღიარებული პოეტი სოხუმს, მშობლიურ კუთხეს, ბავშვობის წლებში აღქმულ უტკბეს სამყაროს დღემდე ერთგულებს და ლექსებს უძღვნის. ასევე საყურადღებოა, მის მიერ რუსულ ენაზე დაწერილი ლექსები და თარგმანები. ახლახან გამოვიდა მისი ახალი პოეტური კრებული „ცრემლების ფერწერა“, რომლის პრეზენტაციაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას არტ-გალერეაში გაიმართა. საღამოს უძღვებოდა პოეტი მზია ხეთაგური. მადონა დვალი-დარცმელიას პოეზიაზე ისაუბრეს მისმა კოლეგებმა, ახლობელ-მეგობრებმა. პოეტმა საკუთარი ლექსები თვითონვე წაუკითხა დამსწრე საზოგადოებას.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, პოეტები, მწერლები, ხელოვნების სხვა დარგის წარმომადგენლები.