სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზეთის მართლმადიდებელი საზოგადოების შეკრება გაიმართა

დღეს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება შეიკრიბა. მათ საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიიდან ოკუპირებული აფხაზეთის ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის გამოყოფის თაობაზე სეპარატისტთა მცდელობა გააპროტესტეს.

შეხვედრაზე შემუშავებულ იქნა მიმართვის ტექსტი, რომელიც უწმინდესსა და უნეტარეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მთავარეპისკოპოსს მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტს ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ილია II და მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოს I გადაეცემათ. მიმართვაში აღნიშნულია, რომ არ დაუშვან რელიგიური სეპარატიზმი და სეპარატისტული აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალია.

შეკრების მონაწილეებს აფხაზეთის მთავრობის თავჯდომარემ გია ბარამიამ მიმართა. მან ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ქართულ ტაძრებში განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები გაიხსენა, რომლის შედეგადაც აფხაზეთში ქართველთა ისტორიის კვალი გაქრა. წარმოდგენილი იყო ამის დამადასტურებელი ფოტომასალა.

„ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია ყოველთვის იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში და ყოველთვის ასე იქნება. ეს ჩვენი მყარი და პრინციპული პოზიცია დაფიქსირებულია მსოფლიო პატრიარქისადმი მიმართვაში", - აღნიშნა გიორგი ბარამიამ.