აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, აფხაზური ენის ინტეგრირებული გაკვეთილის შემდეგ, აფხაზურ ენაზე დადგმული მინი-სპექტაკლიც „ყელში მობჯენილი მონატრება“... წარმოადგინეს. სპექტაკლში აფხაზებისა და ქართველების მეგობრული და სიყვარულით სავსე თანაცხოვრება, აფხაზურ ტრადიციებსა და სტუმარმასპინძლობაზე აგებული ურთიერთობები და ყოველივე ამის მონატრება იყო გადმოცემული. სპექტაკლზე მოსწავლეებმა ქართულ-აფხაზური სიმღერები და აფხაზური ცეკვებიც შეასრულეს, რითაც აფხაზური ენისა და კულტურის ცოდნა და პატივისცემა გამოხატეს.
სპექტაკლს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის წარმომადგენელი თამარ ჯაყელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია და აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ.