აფხაზეთის ა/რ ისტორიის, კულტურისა და ეთნოლოგიის ვირტუალური (ონლაინ-მუზეუმი) მუზეუმის პრეზენტაცია შედგა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში „აფხაზეთის ა/რ ისტორიის, კულტურისა და ეთნოლოგიის ვირტუალური (ონლაინ-მუზეუმი) მუზეუმის“ პრეზენტაცია გაიმართა. ონლაინ-მუზეუმი აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურმა აფხაზეთის ა/რ მთავრობის მხარდაჭერით შექმნა.


აფხაზეთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ძირითადი ნაწილი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეა განთავსებული, ნაწილი კი საქართველოს სხვადასხვა მუზეუმებსა და საცავებშია დაცული. მათი ერთობლივად, ერთ სივრცეში წარმოსაჩენად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ გადაწყვიტა, ონლაინ მუზეუმების შექმნის საერთაშორისო პრაქტიკა გამოეყენებინა. შესაბამისად, ონლაინ-მუზეუმში თავი მოუყარა აფხაზეთის არქიტექტურის, ალექსანდრე შერვაშიძის სახელობის, აფხაზეთის თანამედროვე მხატვრების, არქეოლოგიისა და ხელნაწერების საგამოფენო დარბაზებს. ამ დარბაზებში გამოყენებულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მასალები. ონლაინ-მუზეუმი დამსწრეთ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსმა ირაკლი გელენავამ წარუდგინა.


ონლაინ-მუზეუმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა და სხვ. 
ასევე ითქვა, რომ პროგრამა განკუთვნილია სპეციალისტებისა და საკითხით დაინტერესებული მოქალაქეებისათვის. მისი გამოყენება, როგორც თვალსაჩინოებისა, შესაძლებელია საგანმანათლებლო სივრცის ნებისმიერ საფეხურზე, რადგან იგი ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის ვიზუალური სახისა და ისტორიის უკეთ აღქმასა და გააზრებას.


პრეზენტაციას აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, არასამთავრობო წრეების წარმომადგენლები, ამ თემატიკაზე მომუშავე მკვლევარები და სხვ ესწრებოდნენ.