აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, აფხაზეთის ჭიდაობის ფედერაციასა და საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციასთან ერთად, 2017 წლის 27, 28, 29 აპრილს ჩატარდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ამირან მაისურაძის სახელობის ტურნირი 2004-2006 წწ. დაბადებულ სპორტსმენთა შორის. ტურნირი გაიმართა ქ. თბილისში, საჭიდაო კომპლექსში.
ტურნირში ორასზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. აფხაზეთიდან წარმოდგენილი იყო ზემო აფხაზეთისა და დაბა წყნეთის საჭიდაო ბაზის გუნდები. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ გუნდებს შორის იყვნენ ასევე აზერბაიჯანისა და სომხეთის გუნდები.
შეჯიბრება ჩატარდა 12 წონით კატეგორიაში: 23კგ., 26კგ., 29კგ., 32კგ., 35კგ., 38., 42კგ., 47კგ. 53,. 59., 66., +66., დაშვებული იყო +1კგ.
ტურნირის შედეგების მიხედვით აფხაზეთიდან დევნილ სპორტსმენთაგან შვიდმა სხვადასხვა საპრიზო ადგილი დაიკავა: ალექსი მაისურაძე - მე-2 ადგილი, 66 წონით კატეგორიაში; საბა ზაქრაძე - მე-3 ადგილი, 66 წონით კატეგორიაში; ალექსი არაბული - მე-3 ადგილი, 59 წონით კატეგორიაში; გიგა წიკლაური - პირველი ადგილი, 53 წონით კატეგორიაში; ალექსი თოდუა - მე-2 ადგილი, 53 წონით კატეგორიაში; ორუჯი მუსაევი - პირველი ადგილი, 47 წონით კატეგორიაში; ილო ზუბიაშვილი - მე-3 ადგილი, 35 წონით კატეგორიაში.
საპრიზო ადგილზე გასული ყველა სპორტსმენი დაჯილდოვდა შესაბამისი კატეგორიის დიპლომით, მედლითა და თასით. აგრეთვე, ორი სახელობითი თასი (თ. ბენდელიანისა და ი. ომონაძის სახელობითი თასი) გადაეცათ საუკეთესო სპორტსმენებს. იური ომანაძის სახელობის თასი გადაეცა 47 კგ წონით კატეგორიაში გამარჯვებულს, თენგო ბენდელიანის სახელობის სპეციალური თასი კი 23 კგ. წონით კატეგორიაში გამარჯვებულს. სპორტსმენები ორი სახელობითი თასითა და 12 წონით კატეგორიაში შესაბამისი მედლებითა და თასებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ დააჯილდოვა, დამატებით 4 სახელობითი თასით კი აფხაზეთის ჭიდაობის ფედერაციამ.
ტურნირის მსაჯთა კოლეგიას ხელმძღვანელობდა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი რუსლან დარჯანია, მდივნის ფუნქციას ასრულებდა გ. გრძელიძე.
გამარჯვებულებს შესაბამისი ჯილდოები გადასცეს ტურნირის საპატიო სტუმრებმა და მასპინძელი ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა: ვიტალი ბენდელიანმა, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა; ზურაბ სამუშიამ, აფხაზეთის მეომართა კვშირის წარმომადგენელმა; ზურაბ ქალდანმა, აფხაზეთის თავისუფალი ჭიდაობის ნაკრები გუნდის მწვრთნელმა; გიორგი ყურაშვილმა, აფხაზეთის ა/რ ჭიდაობის პრეზიდენტმა, ასევე საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებმა და ამირან მაისურაძის ოჯახის წევრებმა.