ვახტანგ ყოლბაია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოხსენებას დაესწრო

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. 

მინისტრმა თავის გამოსვალში ყურადღება გაამახვილა 2012 წლიდან დღემდე ჯანდაცვის მიმართულებით გატარებულ ძირეულ რეფორმებზე. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა საყოველთაო ჯანდაცვის, C ჰეპატიტის ელიმინაციისა და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაზე.

ანგარიშში წარმოდგენილი მასალები მომზადებული იყო ადგილობრივი და ასევე მსოფლიო ბანკის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გლობალური ფონდის მიერ 2017 წელს ჩატარებული კვლევის (HUES-ის კვლევა) შედეგების გათვალისწინებით, რომელშიც ნათქვამია, რომ 2012 წლიდან ჯანდაცვის სექტორში განხორციელებული ძირეული რეფორმები საგრძნობლად აისახა მოსახლეობის კეთილდღეობაზე.

მინისტრის ანგარიშს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.