აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მშობლებთან და ომის ვეტერანებთან შეხვედრა მოეწყო

„სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?…“   /წმინდა ილია მართალი/   სწორედ ამ სამი ღვთაებრივი საუნჯის შენარჩუნებას შესწირეს თავი ჩვენმა ვაჟკაცებმა, სწორედ სამშობლოს ძახილზე დადგნენ იქ, სადაც უჭირდა ქვეყანას.  იცავდნენ მტკაველ მიწას, მიწას, რომელმაც სამუდამოდ მიიბარა უამრავის სული. სამშობლოს სიყვარული ყოველთვის მოითხოვს მსხვერპლს. ზოგი გმირულად ეცემა ბრძოლის ველზე, ზოგიც დაჭრილი დააღწევს თავს და ზოგნი კიდევ თითქოს არსაიდან არ ჩანან, თითქოს შთაუნთქავს ბრძოლის ქარცეცხლს  უგზო-უკვლოდ. მათ მოლოდინში დედები უსასრულოდ შეჰყურებენ გზას, გზას, რომელიც მათი იმედის სიმბოლო გახდა. 36 ვაჟკაცი დაიკარგა საქართველოს ულამაზესი ქალაქის გაგრის დაცვისას. საქართველოს პრეზიდენტმა ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა ა.წ. 26 მაისს თიოეული მათგანი დააჯილდოვა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით. სწორედ ამ მეომრებს მიეძღვნა საღამო, რომელიც გაიმართა 21 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში.  ღონისძიებას ესწრებოდნენ: მეომართა დედები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი ვახტანგ ყოლბაია, ომის ვეტერანები, მოწვეული სტუმრები და დეპარტამენტის თანამშრომლები.  შესავალ სიტყვაში მოკლედ იქნა მიმოხილული 1992-93 წ.წ. საქართველოში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები. აღინიშნა ქალაქ გაგრის დაცემის ფაქტები. გაიხსენეს ბიჭები, რომლებიც გმირულად დაეცნენ გაგრის დაცვისას. ბატონმა ვახტანგ ყოლბაიამ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა დაღუპული და უგზოუკვლოდ დაკარგული ბიჭების სამაგალითო მოქმედებების ფაქტებზე. დიდი სითბოთი მოეფერა დედებს და მადლობა გადაუხადა ასეთი ვაჟკაცების აღზრდისათვის.  შეპირდა, რომ მუდამ იქნებოდა მათ გვერდით.  ბატონმა იგორ კოპალიანმა გამოსვლისას ისაუბრა სასიქადულო მამულიშვილების ღვაწლზე სამშობლოს წინაშე. დედებს მადლობა მოახსენა მობრძანებისათვის და აღუთქვა გვერდში დგომა, მან ასევე ხაზი გაუსვა აფხაზ და ქართველ ხალხთა საუკუნოვან მეგობრობას და იმედი გამოთქვა, რომ გონივრული მუშაობით უახლეს პერიოდში აღდგება ხიდი მეგობრობისა და დადგება დრო, როცა აფხაზი და ქართველი ხალხი ერთად იზრუნებს ერთიანი საქართველოს კეთილდღეობისათვის.  სიტყვით გამოსვლისას დედებმა მადლიერებითა და ხაზგასმით აღნიშნეს აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მეთაურის ბატონ ვახტანგ ყოლბაიასა და იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლის ქალბატონ მარინა ნაჭყებიას ღვაწლი მათდამი გამოხატული სითბოსა და თანადგომისათვის. ღონისძიებისას გაჟღერებულ იქნა პრობლემები, რომლებიც დღემდე აწუხებთ შვილდაკარგულ მშობლებს.