ტრენინგი პიროვნული განვითარება – “წარმატებული მენეჯერის ლიდერული თვისებები”

მიმდინარე წლის 19 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში ჩატარდა ტრენინგი  პიროვნული განვითარება –”წარმატებული მენეჯერის ლიდერული თვისებები”. ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი, ასევე მთავრობის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები კერძოდ, იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე პასუხისმგებელი პირები და იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლები. ტრენინგის მსვლელობისას გამოყენებულ იქნა ინტერაქტიული მეთოდი და შესაბამისი სავარჯიშოები: ბრეინ–შტორმინგი, ტესტების შევსება და ჯგუფური სამუშაო. ტრენერის პრეზენტაციის ნაწილში მონაწილეებმა მოისმინეს ამერიკელი ფსიქოლოგების ჯოზეფ კენჯემის და კაზიმირ კოვალსკის “ლიდერების და წარმატებული მენეჯერების თვისებების უმნიშვნელოვანესი შვიდი განსხვავების”სპეციალური კვლევის შედეგები, ასევე დანიელ გოლმანის “ლიდერთა ფილოსოფიის” ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილის “ემოციური ინტელექტი”–ს ნოვაციური ხედვა. საინტერესოდ ჩატარდა ჯგუფური სამუშაო, სადაც მონაწილეებმა ჩამოაყალიბეს ლიდერული თვისებების მქონე იდეალური მენეჯერის სავარაუდო სახე. დასასრულს მონაწილეებმა მადლობა მოუხადეს ტრენინგის ორგანიზატორებს და მომავალში ტრენინგის ჩატარების თაობაზე სურვილი გამოთქვეს.