აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის განცხადება

2 თებერვალს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა დევნილთა შემწეობის რეფორმის შესახებ, იმ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება, რომლებიც სხვა ორგანიზაციებთან ერთად არიან სამუშაო ჯგუფში და განიხილავს დევნილთა საჭიროებაზე მორგებული დახმარების მოდელს.
დევნილთა საქმეების დეპარტამენტში საფუძვლიანად იქნა შესწავლილი განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები და ამასთან დაკავშირებით გვსურს განვაცხადოთ, რომ მთლიანად ვიზიარებთ წერილში გამოთქმულ ზოგად შეფასებას აღნიშნული რეფორმის შესახებ, ასევე არსებული რისკების აღმოსაფხვრელად ამ ორგანიზაციების მხრიდან შემოთავაზებულ მიდგომებს და მათი მხრიდან გამოთქმულ იმ პათოსს, რომ „შესაბამისი მოდელის შემუშავებისას, სახელმწიფომ საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის მოტივაციით არ უნდა იხელმძღვანელოს. მისი მიზანი უნდა იყოს, დევნილთა საჭიროებების მაქსიმალურად ზუსტად გამოვლენა და შესაბამისი დახმარების სისტემის შექმნა“.
აქვე გვინდა გამოვხატოთ მადლიერება და პატივისცემა ამ ორგანიზაციების მხრიდან, დევნილთა წინაშე არსებული ნებისმიერი პრობლემის გადასაჭრელად გამოჩენილი ძალისხმევისა და პროფესიონალური მიდგომისათვის, რაც მათ არაერთხელ გამოავლინეს არამარტო ექსპერტთა ჯგუფის მუშაობის პერიოდში, არამედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში მოქმედი სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებზეც.
კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზადყოფნას, აღნიშნულ საკითხზე მომუშავე შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გავაგრძელოთ მუშაობა, რათა ხელი შევუწყოთ დევნილთა საჭიროებაზე მორგებული დახმარების სამართლიანი და ეფექტური სისტემის შექმნას.