ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზეთის მთავრობასთან ერთად აფხაზეთის ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული საშუალო სკოლების მედალოსნების მიღება გამართა. მიღებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია უძღვებოდა.
აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა აფხაზეთის ღვაწლმოსილ პედაგოგებს - მერი გეგეჭკორს, ლენა კიტიას, ეთერი ხახუბიასა და გივი ჯომიდავას მადლობა გადაუხადეს გაწეული ღვაწლისთვის, ხანგრძლივი სიცოცხლე უსურვეს და სიმბოლური საჩუქრები უსახსოვრეს. შემდეგ ვახტანგ ყოლბაიამ და დიმიტრი ჯაიანმა აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული საშუალო სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს წარმატებები მიულოცეს და ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცეს.
დასასრულ გაიმართა სამუშაო შეხვედრა აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან თემაზე: ,,2016-2017 სასწავლო წლის შედეგები და მომავლის გამოწვევები“.