ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის  ხელშეწყობით ხობში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. სამედიცინო აქციაში თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის ექიმთა ჯგუფი მონაწილეობდა, რომლის შემადგენლობაში ოჯახის ექიმი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი, ქირურგი, უროლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, დერმატოლოგი, ონკოლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი 2 სპეციალისტი შედიოდნენ. ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ დევნილ პაციენტებს, საჭიროების შესაბამისად, ულტრასონოსკოპიური გამოკვლევა (მუცლის ღრუს, ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის), ელექტროკარდიოგრაფია და C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაუტარდათ. ასევე, ექიმის დანიშნულების შესაბამისად უფასო მედიკამენტები გადაეცათ.

        სამედიცინო აქციის მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე. ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ესწრებოდნენ.