აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებების სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ სტუმრებს აჭარაში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რის შემდეგაც რეგიონში მცხოვრები დევნილი ოჯახებისთვის აჭარის მთავრობის მხრიდან შემუშავებული პროგრამებისა და საცხოვრებლით უზრუნველყოფის სტატისტიკაზე ისაუბრა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ ყურადღება გაამახვილა დევნილთა მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით არსებულ დადებით ტენდენციებზე რეგიონში, ასევე ორი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებს შორის მსგავსი სამუშაო შეხვედრების მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და ყოფითი პრობლემების ანალიზი წარადგინა.

დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიმართულებით წინგადადგმულ ნაბიჯებზე და მომავალ გეგმებზე ისაუბრა ასევე განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა, მისი თქმით, უახლოეს მომავალში ბათუმში დამატებით 164 დევნილ ოჯახს გადაეცემა ბინები.

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის წევრები და აჭარის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.