აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აბრეშუმის გალერეაში რამინ აფაქიძის, ნერსე ბაცაშისა და ზურაბ ჭედიას ალბომების პრეზენტაცია გაიმართა

აბრეშუმის გალერეაშიაფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილი იუბილარი მხატვრების - რამინ აფაქიძის (80 წ.), ნერსე ბაცაშის (70 წ.), ზურაბ ჭედიას (60წ.) ალბომების პრეზენტაცია გაიმართა. აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიერ გამოცემულ ალბომებში შესულია ხელოვანების მიერ წლების მანძილზე შექმნილი საუკეთესო ნამუშევრები. იუბილარების ნამუშევრები მრავალ საგამოფენო სივრცესა და კერძო კოლექციებს ამშვენებენ.

ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის მიერ გადაღებული ფილმი „ჩემი სახლისკენ მიმავალი გზა".

მხატვრებს საიუბილეო თარიღი და ალბომების გამოცემა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაციამ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გურამ ცერცვაძემ დააფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა ირმა ირემაძემ მიულოცეს.

საღამოს აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სახელოვნებოღონისძიებათა მიმართულების ხელმძღვანელი დავით ბაძაღუა უძღვებოდა.

ღონისძიების ფარგლებში საშობაო გამოფენა, სახელწოდებით „ფერ-ფორმანსი" გაიხსნა, რომლის ნახვის საშუალება დამთვალიერებელს 29 დეკემბრამდე ექნება.

რამინ აფაქიძე - თანამედროვე ხელოვნების გამოჩენილი მოღვაწე და განსაკუთრებული ხელწერით გამორჩეული მხატვარი, გახლავთ არაერთი პრემიის ლაურეატი და აფხაზეთის დამსახურებული მხატვრის წოდების მფლობელი. ამაგდარი პედაგოგი, რომელიც არაერთი სახელოვანი მხატვრის აღმრზდელია,  მათ შორის აფხაზი მხატვრებისაც.

ნერსე ბაცაში - ცნობილი ქართველი მოქანდაკე, ორმოცამდე ქანდაკების ავტორია, მათ შორის „ოქროს საწმისი -  ჯვარცმული საქართველო", „დავით აღმაშენებელი",  „მძიმე ჯვარი", „ძმათა მონანიება" და სხვა. ქანდაკება „ლიეტუვის გამათავისუფლებელი" კი დასახელებულია წლის საუკეთესო ნამუშევრად. არის გაეროს კონკურსის გამარჯვებული.

ზურაბ ჭედია - აფხაზეთის გამოჩენილი მხატვარი,  აფხაზეთის მხატვართა კავშირის ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი შარვაშიძის პრემიის ლაურეატი.  მის ნამუშევრებში აფხაზეთის თემატიკა ჭარბობს: „ზღვა და მირაჟები", „ნოსტალგია", „გზა", „განწყობა" და სხვა.