ქ. თბილისში, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენად „ეტალონის“' მორიგი ინტელექტ-ჩემპიონატი გაიმართა. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენად ერთმანეთს აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის სკოლების მოსწავლეები შეეჯიბრნენ (სულ 52 მოსწავლე). ტიტულს - ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლე“ ოკუპირებული გალის რაიონის ერთ-ერთი საშუალო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე დაეუფლა (მისი ვინაობის გაცხადებისგან კი გასაგები მიზეზების გამო თავს ვიკავებთ).
ინტელექტ-ჩემპიონატს ესწრებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბესიკ ოდიშარია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს განთლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი ნინო ლობჟანიძე, გალის რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლები, აფხაზეთის სკოლების წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები.
„აფხაზეთის ა/რ ეტალონმა მოსწავლემ“ მადლობა გადაუხადა პროექტს დაუვიწყარი ემოციისთვის: „უბედნიერესი ვარ, ჩემთვის დიდი წარმატება და გამოცდილებაა ამ გრანდიოზულ პროექტში გამარჯვება. მადლობა „ეტალონს“, ჩემს ოჯახსა და მასწავლებლებს. მიყვარხარ და მეიმედები საქართველო“.
როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა: „ეტალონი“ გრანდიოზული, ეროვნულ-საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ჩვენი ბავშვების ინტეგრაციას, მათში სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებასა და განათლების წახალისებას ემსახურება. მნიშვნელოვანია „ეტალონში“ ოკუპირებული გალის რაიონის სკოლების მოსწავლეების მონაწილეობა და წარმატება. დასაფასებელია სკოლებისა და მასწავლებლების ეფექტური მუშაობა, მადლობა ამისთვის გოჩა ტყეშელაშვილსა და „ეტალონის“ შემოქმედებით ჯგუფს.“
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ ასევე მადლობა გადაუხადა გოჩა ტყეშელაშვილსა და „ეტალონს“ ეროვნული საქმის მსახურებისათვის და განაცხადა:
„ პროექტი რომ ეროვნული მნიშვნელობისაა, ეს მრავალმა წელმა გამოსცადა. ეს დღეც ოქროს ასოებით ჩაიწერება „ეტალონის“ ისტორიაში. ოკუპირებულ აფხაზეთში ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდობა ცხოვრობს, რომელთა იმედიც უნდა ჰქონდეს საქართველოს“.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილის, ბესო ოდიშარიას თქმით, „ეტალონი“ ჭეშმარიტად ეროვნული პროექტია. მან სრულიად საქართველო მოიცვა და ეროვნული თითშეგნებისა და ცოდნის ირგვლივ გააერთიანა. პროექტი მოსწავლეების ჭეშმარიტი ფასეულობებითა და სულისკვეთებით აღზრდას ემსახურება, ასეთი ახალგაზრდობა ძლიერი ქვეყნის მომავალია.“
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს განთლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსმა ნინო ლობჟანიძემ ეროვნულ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონს“ მეტ წინსვლასა და წარმატებასთან ერთად სატელევიზიო სივრცეში დაბრუნება უსურვა.
გალის რესურსცენტრის უფროსმა ნონა შონიამ განსაკუთრებული სიხარული გამოხატა „ეტალონში“ გალის სკოლები აქტიურად და წარამტებით მონაწილეობის გამო. მისივე თქმით, „აღსანიშნავია, რომ ინტელექტ-ჩემპიონატში გამარჯვება სწორედ ოკუპირებული გალის სკოლის მოსწავლემ მოიპოვა, მისი წარმატება არა მხოლოდ თავისი ოჯახისა და სკოლის, არამედ აფხაზეთისა და სრულიად საქართველოს გამარჯვებაა.“
„აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.