ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ქართულ-აფხაზური საღამო გაიმართა

ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია „სოროპტიმისტ ინტერნაციონალის", საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აჭარის რეგიონული სამეცნიერო ცენტრისა და აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ორგანიზებით ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ქართულ-აფხაზური საღამო გაიმართა.

საღამოზე რეჟისორ ზაზა სიხარულიძის ფილმი-სპექტაკლის „აფხაზეთო, მე უშენოდ მზეც ობოლი მგონია" ჩვენება გაიმართა.

საღამოზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ქალთა ორგანიზაცია „სოროპტიმისტ ინტერნაციონალის" ხელმძღვანელმა ნათელა დუმბაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ. გამომსვლელებმა ისაუბრეს საუკუნეების მანძილზე ქართველთა და აფხაზთა მშვიდობიანი და სამაგალითო თანაცხოვრების შესახებ. ასევე,აჭარაში მცხოვრები ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობისა და ჩატეხილი ხიდის აღდგენის საკითხებში.

მუსიკალური ცენტრის ფოიეში მოეწყო ქართველი და აფხაზი მხატვრების ნამუშევრებისა და აფხაზეთის თემაზე შექმნილი წიგნების გამოფენა.

ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ზურაბ ლომთათიძე, სასულიერო პირები, აჭარაში მცხოვრები ეთნიკური აფხაზები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.