სამეცნიერო კონფერენციაზე კონფლიქტურ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის პრობლემებზე იმსჯელეს

„კულტურული მემკვიდრეობა კონფლიქტურ ტერიტორიებზე“, - ასე ერქვა სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა.


კულტურული მემკვიდრეობისა და ფასეულობების დაცვა კაცობრიობის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია, თუმცა დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე რეგიონალურ კონფლიქტებს ამ მიმართულებით აუნაზღაურებელი ზიანი მოაქვს. კონფლიქტურ ტერიტორიებზე, ბუნებრივია, შეფერხებულია კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად საერთაშორისო მექანიზმების მოქმედება და მათი დაცვა-გადარჩენა განსაკუთრებული საფრთხის წინაშეა. ეს პრობლემები, სამწუხაროდ, საქართველოს წინაშეც მწვავედ დგას, რაც ამ საკითხებზე ფართო მსჯელობის აუცილებლობის, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და გამოსავლის ძიების გადაუდებელ საჭიროებას ქმნის.


ამდენად, კონფერენციის მიზანი იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი და უძრავი ძეგლების შესახებ უახლესი კვლევების წარმოჩენა და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა, მათ დასაცავად საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და მსჯელობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ამჟამინდელ მდგომარეობაზე.


კონფერენციას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი მარიამ დვალიშვილი და სხვ.


კონფერენციაზე გამომსვლეთა შორის იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის, ა. ქუთათელაძის სახ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ლურჯი ფარის საქართველოს კომიტეტის წარმომადგენლები.