აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას სარეპეტიციო დარბაზი საზეიმოდ გაიხსნა

გუშინ გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას თანამედროვე სტანდარტების შესატყვისად მოწყობილი სარეპეტიციო დარბაზი საზეიმოდ გაიხსნა. ლენტი გაჭრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის საგუნდო კაპელას სამხატვრო ხელმძღვანელმა ზვიად ბოლქვაძემ. 


ზვიად ბოლქვაძემ მადლობა გადაიხადა დარბაზის თანამედროვე სტანდარტების შესატყვისად მოწყობისათვის და აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს კაპელას მომავალი წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობისთვის. 


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას გამორჩეულობას ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ, იმ სიხარულისა და სიამაყის განცდას, რასაც მათი შემოქმედება იწვევს და კვლავაც თანადგომა აღუთქვეს. გულისტკივილით გაიხსენეს ამქვეყნიდან ნაადრევად გასული ადამიანები: აფხაზეთის საგუნდო კაპელის შემქნელი, გამორჩეული მუსიკოსი გურამ ყურაშვილი და კაპელის დიდი გულშემატკივარი და ამ დარბაზის გარემონტების ინიციატორი, საქართველოს სახალხო არტისტი დიმიტრი ჯაიანი.


ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ 2015 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სარგებლობაში არსებული დარბაზი დიმიტრი ჯაიანის ინიციატივით გარემონტდა და აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას გადაეცა. ვინაიდან დარბაზი მუსიკალური კოლექტივისთვის სარეპეტიციოდ მორგებული სივრცე არ იყო, წლეულს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით დარბაზის სრული რეაბილიტაცია მოხდა.


კერძოდ, დარბაზში ხმის რევერბერაციის დროის გაზომვის შემდეგ გადაწყდა, რომ დარბაზის აკუსტიკის კამერული გუნდისთვის სრულ შესაბამისობაში მოსაყვანად დარბაზის ჭერი დაფარულიყო Sonaspray K-13 აკუსტიკური მასალით. ამისთვის ჰოლანდიიდან ჩამოყვანილ იქნა სპეციალისტი, რომელმაც აღნიშნული ტექნოლოგიით საქართველოში პირველად მოაწყო დარბაზის აკუსტიკა. აფხაზეთის სარეპეტიციო სივრცეში ასევე დამონტაჟდა გამათბობელ-გამაგრილებელი სისტემა და მოეწყო შემოქმედებითი საქმიანობისათვის საჭირო ოთახები.
დასასრულ აფხაზეთის საგუნდო კაპელამ მომღერალ ნუკრი კაპანაძესთან ერთად მოწვეული სტუმრებისათვის კონცერტი გამართა.